პარლამენტის სხდომათა დარბაზის ჩაკეტილი კარი და “ოცნების”უარი ოპოზიციას | 18.07.2022

პრეზიდენტის განკარგულებას, რიგგარეშე სხდომების გამართვის შესახებ, საპარლამენტო  უმრავლესობის 81-ივე დეპუტატმა  ბოიკოტი გამოუცხადა. “ქართული ოცნების”  დღევანდელი გადაწყვეტილება,  ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზის დაკეტილ კართან შეაფასეს.  თქვეს, რომ მმართველი პარტია  კონსტიტუციას  არღვევს და ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციის პროცესს საბოტაჟს უცხადებს.  “ქართული ოცნების” უარის ფონზე,  ხელისუფლების ოპონენტები საკუთარი  დღის წესრიგის მიხედვით, მოქმედების გაგრძელებას აპირებენ.

პრეზიდენტის განკარგულებამდე, ქართული ოცნება არ მალავდა, რომ  რიგგარეშე სესიების ჩანიშვნა, მათთვის მიუღებელი იყო. მმართველი პარტიის დეპუტატების თქმით,  რიგგარეშე სხდომაზე დასწრება და დებატებში ჩართვა  პოლარიზიაციის კიდევ უფრო გააღრმავებდა.  პრეზიდენტის განკარგულებას და მმართველი გუნდში  პოლიტიკურ შოუდ შეაფასეს და თქვეს, რომ  ევროკომისიის  12 პუნქტიანი რეკომენდაციების  შესასრულებლად მმართველი პარტია მუშაობას,  ირაკლი კობახიძის გეგმის მიხედვით განაგრძობს.  თუმცა ამ გეგმაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხივლა,  რომელსაც  ოპოზიციური სპექტრი ითხოვს,  არ შედის.

რიგგარეშე სესიის მოწვევას  საპარლამენტო ოპოზიცია ევროკომისიის რეკომედაციების შესრულებისთვის ითხოვდა.  რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით მათ პრეზიდენტსაც  მიმართეს, რასაც სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ  დათანხმდა.  თუმცა დღეს ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდება.   მმართველმა პარტიამ  ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების გეგმა 1 ივლისს გამოაქვეყნა და ბოლო დღეებია პარლამენტში შესაბამისი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს მართავს,  თუმცა ამ შეხვედრებს  ოპოზიციის წარმომადგენელთა მხოლოდ მცირე ნაწილი ესწრება.