“ოცნებამ” რიგგარეშე სხდომის აუცილებლობა ვერ დაინახა. გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს. პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტება გადაწყვეტილების მიღებამდე გააკეთა და თქვა, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი თუ რატომ უნდა დათანხმებულიყო უმრავლესობა რიგგარეშე სესიის მოწვევას. შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი დღის წესრიგი არ შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს, რადგან მათი დამუშავება, განხილვა და შეჯერება არ მომხდარა პოლიტიკური სუბიექტების მიერ საკომიტეტო მოსმენებზე. თავის მხრივ, ოპოზიციამ რიგგარეშე სესიის მოწვევის აუცილებლობაზე და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა. მათი თქმით, ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ წინასწარი კონსულტაციები არ გაიარა რიგგარეშე სხდომის საკითხზე უმრავლესობასთან, მანამდე არსებული გამოცდილებით იყო განპირობებული.