ნიკა გვარამიას მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე ადასტურებს, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ, მას ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა და სთხოვა განემარტა, რის საფუძველზე გამოაცხადა გამამტყუნებელი განაჩენი. ჩხიკვაძე ამტკიცებს, რომ საელჩო მასზე ზეწოლას ცდილობდა და წერს, რომ მისი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. მოსამართლე პირდაპირ ამბობს, რომ ამერიკაში მისი ვიზიტი საელჩომ სწორედ ნიკა გვარამიას ციხეში გაშვების გამო დაბლოკა. ლაშა ჩხიკვაძე ანტიდასავლურ კამპანიაშიც ერთვება. მოსამართლე ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებას გამოეხმაურა და ის სასამართლო ზეწოლაში დაადანაშაულა. გუშინ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს სააპელაციო სასამართლო “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს გაამართლებს, რათა მისივე თქმით, “გამოსწორდეს წარსულის შეცდომები და აღდგეს თავისუფალი მედიის ხმა”.
“მას შემდეგ რაც მოვისმინე ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადება სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, სადაც ის, ჩემი შეფასებით, პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს ანუ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია და ამით გამოასწოროს ძველი შეცდომები, რომელიც თითქოსდა მე დავუშვი. ჩემთვის საინტერესოა, საკუთარი ქვეყნის მოსამართლეებზე თუ მოახდენდა ამგვარ ზეწოლას და მათთვის პირდაპირი მითითებების მიცემას, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შედეგთან დაკავშირებით? და რაც მთავარია, რა რეაქციები მოყვებოდა მის ასეთ ქმედებას მისსავე სამშობლოში? ჩემი შეფასებით, ევროპარლამენტარ გალერის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ჩემს კოლეგებზე, რომლებმაც უნდა განიხილონ საქმე ზემდგომ ინსტანციაში და რომლებზეც უკვე ღია ზეწოლა იწყება და რომელიც აუცილებლად გაძლიერდება. მას შემდეგ რაც, მე ნიკა გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ამერიკის საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელთან, რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით, რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილ ვიზიტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ, ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი. ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. მინდა მოვუწოდო პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე,” – ლაშა ჩხიკვაძის განცხადება.
16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 20 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ლაშა ჩხიკვაძე იმ პროგრამიდან მოხსნა, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა. ჩხიკვაძე ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, ფლორიდაში უნდა წასულიყო და პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგში მიეღო მონაწილეობა. ლაშა ჩხიკვაძის შემდეგ, ამერიკაში ტრენინგზე კიდევ 5 მოსამართლე ვერ წავიდა.