ქვეყანაში ტოტალური მოსმენები გრძელდება – სამიზნე კრიტიკული მედიაა | 14.07.2022

ქვეყანაში ტოტალური მოსმენები გრძელდება –  სამიზნე კრიტიკული მედიაა. დადასტურებულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მედიის წარმომადგენლებს არა მხოლოდ ტელეფონზე საუბრისას უსმენენ, არამედ სამუშაო სივრცეშიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩამწერი მოწყობილობები დამოუკიდებელ ტელევიზიებში აქვს დამონტაჟებული. უსმენენ, როგორ გეგმავენ ჟურნალისტები ტელეგადაცემებს და შემდეგ ამ ჩანაწერებს სამთავრობო მედიის საშუალებით ავრცელებენ. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. გიორგი გაბუნიას თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არ დარჩა სივრცე, რომელსაც “ოცნების” ხელისუფლება არ უთვალთვალებს და რომ ჟურნალისტებს უკვე სამუშაო ოთახებშიც უსმენენ და იწერენ. უკანონო მოსმენის შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტი თავად გიორგი გაბუნიაც არის და “უცნობის” გასაჯაროებულ ფაილში მისი ხმაც ისმის. ჩანაწერის ავთენტურობას გაბუნია ადასტურებს და ამბობს, რომ  საუბარი 2021 წლის ნოემბერში შედგა. ის მიმართავს სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, დაინტერესდნენ “მთავარ არხში” ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით და სათანადო რეაგირება მოახდინონ.

აუდიოჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ სხვა ფიგურანტებიც. ამბობენ, რომ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში აღწერილი საუბარი გასული წლის ნოემბერში შედგა. მათი თქმით, ჩანაწერის გარკვეული ნაწილი დამონტაჟებულია, რაც დაინტერესების შემთხვევაში, მარტივად დადგინდება. მედიის წარმომადგენლები პროკურატურისგან პასუხს ითხოვენ, დაადგინონ რატომ იყვნენ ფარული მიყურადების სამიზნეები და თუ ადგილი ჰქონდა უკანონო მოსმენას, დადგინდეს ვინ უსმენდა “პოსტ ფაქტუმის” გუნდს.

13 ივლისს ტელეკომპანიების “მაესტროსა” და “იმედის” ეთერით სახელისუფლებო ტელევიზიის ერთ-ერთმა წამყვანმა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა და მათმა პროპაგანდისტმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე “უცნობმა”, ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მისივე განმარტებით, ტელეკომპანია “მთავარი არხის” გუნდის სამუშაო პროცესს ასახავს. “უცნობის” მიერ გასაჯაროებულ ჩანაწერში “მთავარი არხის” გადაცემა Post Factum-ის დაგეგმვის პროცესია ასახული და გადაცემის მაშინდელი წამყვანის, გიორგი გაბუნიას, პროდიუსერის ეკა სარიასა და ჟურნალისტების, გიორგი გვიშიანისა და ლაშა კვესელაძის საუბარი ისმის.