ვწუხვარ, როცა ასეთ ცრუ განცხადებებს ვხედავ – კარლ ჰარცელი | 14.07.2022

ვწუხვარ, როცა ასეთ ცრუ განცხადებებს ვხედავ – ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ასე პასუხობს განცხადებებს, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვის შესახებ კეთდება. ჰარცელმა სოციალური ქსელის მეშვეობით მოქალაქეების მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხა.  მოსაზრებებს, რომ დასავლეთს სურს, ნახოს საქართველო რუსეთ -უკრაინის ომში ჩათრეული და რომ სწორედ ამან მოახდინა ზეგავლენა ევროკომისიის მოსაზრებაზე, ჰარცელი საწუხაროს უწოდებს. ჰარცელი აღნიშნავს, რომ, არსებულ დეზინფორმაციულ გარემოში, საჭიროა, მოქალაქე კარგად იყოს ინფორმირებული და აქტიურიც.

“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაჟინებით მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაიცვას მისი, როგორც პატიმრის უფლებები, უზრუნველყოს მისი სათანადო მკურნალობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. ბატონი გვარამიას საქმეც იგივე პრინციპებს ეფუძნება. ეს საქმე ასევე აჩენს შეკითხვებს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც, ბოლო დროს, საქართველოში სტრესულ გარემოში აღმოჩნდა.  გულწრფელად ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს ევროკავშირისა თუ აშშ-ის მიმართ, საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით.  ყველამ დაინახა, თუ როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის პირველივე დღიდანვე, ამ სისასტიკის დასასრულებლად და უკრაინასა და მის მოსახლეობაში მშვიდობის დასამყარებლად. ევროკომისიამ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მათი დამსახურებების მიხედვით და დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეაფასა. კრიტერიუმებს შორის ნამდვილად არ არის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობა. ამჟამად, ევროკავშირმა საქართველოს შესთავაზა, დაიწყოს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამ პროცესის წარმატებით გასაგრძელებლად,” –  განაცხადა კარლ ჰარცელმა.