რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია და ვინ არის ოლიგარქი, “ოცნებას” ევროპარლამენტიდან მკაფიოდ განუმარტეს | 13.07.2022

რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, “ქართულ ოცნებას” ევროპარლამენტიდან მკაფიოდ განუმარტეს, რომ  ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას – ამ სიტყვების ავტორი  ევროდეპუტატი, რასა იუკნევიჩიენეა. საქართველოს ხელისუფლების მიმართ მწვავე განცხადებები  ევროპარლამენტში საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიური ანგარიშის განხილვისას გაკეთდა. გავლენიანმა ევროპარლამენტარებმა პირდაპირ თქვეს, რომ საქართველოში ოლიგარქიაა და ერთი ადამიანი პოლიტიკურ გარემოზე გავლენის მოხდენას აგრძელებს. სწორედ დეოლიგარქიზაციაა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იმ 12 პუნქტიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის უნდა შეასრულოს, თუმცა “ქართული ოცნება” ოლიგარქად თვლის ყველას, გარდა ივანიშვილისა.

დეოლოგარქიზაციის გარდა 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად- აუცილებელ პირობად სახელდება სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, ევროპარლამენტში ყურადღებას ამახვილებენ მედიის უფლებებზეც,   „ასრულებს თუ არა საქართველო  ევროკავშირის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს“? – ამ მოხსენების ავტორი ევროპარლამენტარი სვენ მიქსერია. სწორედ მან წარადგინა დღეს ბრიუსელში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ყოველწლიური ანგარიში. ამ ანგარიშზე დაყრდნობით ევროპარლამენტი საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მიღებას გეგმავს. გზავნილი მკაფიოა-თუ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი თორმეტივე პუნქტი შესრულდება, ევროპარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუტის მინიჭებას მხარს დაუჭერს. ესტონელი ევროპარლამენტარის თქმით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ნაჩქარევმა და არაგამჭვირვალე ქმედებებმა საკვანძო თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნისას უფრო გააღრმავა შეგრძნება, რომ მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია. სვენ მიქსერი ამბობს, რომ  გასული წლის სექტემბერში საქართველომ მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ნაწილი, 75 მლნ დოლარი სწორედ მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გაუტარებულობის გამო ვერ მიიღო.

ევროაპარლამენტარები თანხმდებიან, რომ  აუცილებელია, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ და მთავრობამ ევროკავშირის მიერ შეთავაზებული რეფორმების შესასრულებლად ერთად იმოქმედოს.  საქართველოს პროგრესის მისაღწევად ყველაფერი აქვს და ქვეყანამ ეს შანსი უნდა გამოიყენოს – ასეთია ევროდეპუტატების პოზიცია.

მწვავე  რეზოლუციის პირველადი ტექსტი 16 პუნქტისგან შედგება, სადაც ჩამოთვლილია, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ, კანდიდატის სტატუსი მიიღოს. რეზოლუციის ტექსტი საბოლოო არ არის და მასში შესაძლოა შესწორება შევიდეს. ევროპარლამენტი საქართველოზე მორიგ რეზოლუციას, სავარაუდოდ, სექტემბერში მიიღებს.