ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის დასაცავად ვრცელ წერილს აქვეყნებს | 12.07.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვრცელ წერილს ავრცელებს, რომელშიც დასავლეთის და საზოგადოების მხრიდან დეოლიგარქიზაციის მოთხოვნას  ეხმაურება. ექომაგა ბიძინა ივანიშვილს და დასავლელ პარტნიორებს უპირისპირდება. ღარიბაშვილი ამბობს, დეოლიგარქიზაციის “კამპანიის ავტორებმა” კეთილი უნდა ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ. მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებული კამპანია დეოლიგარქიზაციის შესახებ წარმოადგენს  დაუსაბუთებელ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რაც მიზნად საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისთვის შეურაცხმყოფელია, როცა ამბობენ, რომ ის ფარსის ნაწილია და ბიძინა ივანიშვილისგან იმართება.

ირაკლი ღარიბაშვილის წერილის საკმაოდ დიდი ნაწილი ეთმობა სხვადასხვა თანამდებობის პირების ბიოგრაფიული ცნობების განხილვას. ღარიბაშვილი აღიარებს, რომ ყველა მათგანი წარსულში „ქართულ ჯგუფთან“დაკავშირებული პირია. წერს, რომ ვახტანგ გომელაური და ანზორ ჩუბინიძე 2012 წლამდე იყვნენ ბიძინა ივანიშვილის გამორჩეული დამცველები და ეს მათ დაუფასდათ. პრემიერმინისტრის მიერ გამოქვეყნებულ 5 გვერდიან წერილში  ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი 39-ჯერ არის ნახსენები. ყოველ ჯერზე ღარიბაშვილი ცდილობს დაიცვას ქართული ოცნების დამფუძნებელი და დაამტკიცოს, რომ ბიძინა ივანიშვილო არა ოლიგარქი, არამედ ქველმოქმედია.