კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში – წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მონიტორინგი | 11.07.2022

ე.წ ციხის მაყურებლები , ე.წ ობშიაკის შეგროვების ფაქტები, პატიმართა ფიზიკური დაზიანებები და საკნების კეთილმოწყობა –  წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის მიგნებები და რეკომენდაციები  დღეს  სახალხო დამცველმა განიხილა.  როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნა ომბუდსმენის დასკვნებს  ემთხვევა. მისივე თქმით, იდენტიფიცირებულია ყველა პრობლემა, რომელიც ქართულ ციხეებში არსებობს და ახლა, საჭიროა გამოვლენილი პრობლემების გადაწყვეტა.

წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა ციხეების მონიტორინგი, 2012 წლის შემდეგ, პირველად ჩაატარა. მონიტორინგი სამ ნახევრადღია ტიპის დაწესებულებაში –  გეგუთში, ქსანასა და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში  ჩაატარა. მონიტორინგის საჭიროება კი სახალხო დამცველის წინა წლის ანგარიშის შემდეგ გამოვლინდა, რომელშიც  ნინო ლომჯარიამ  ციხეებში მძიმე კრიმინალურ ვითარებაზე ისაუბრა.