ევროკომისიის მიერ, საქართველოსთვის მიცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, პარლამენტში დღეს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციაა მართლმსაჯულების სისტემა გაუმჯობესდეს, რაზეც მათ მუშაობა დაიწყეს, თუმცა, დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდნენ, იმ ორგანიზაციის წევრები, რომლებიც მართმსაჯულების სიტემის რეფორმაზე უკვე წლებია საუბრობენ და მუშაობენ. შეხვედრაზე უარს აცხადებს ოპოზიციის ნაწილიც. ეს “ქართულ ოცნებას” აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ოპონენტები ბოიკოტს საქართველოს ევროპულ მომავალს უცხადებენ. დღევანდელ შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციიდან მხოლოდ პარტიების – “გირჩი”, “მოქალაქეები”, “ევროპელი სოციალისტები” და “საქართველოსთვის” წევრები ესწრებოდნენ.
“ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციებზე უარს აცხადებენ – “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ნაციონალური მოძრაობა”. მმართველ პარტიასთან დიალოგს, ოპოზიციის ეს ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. ირწმუნებიან რომ ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეები ცდილობენ კონსულტაციების იმიტაცია შექმნან. ოპოზიციონერი დეპუტატები კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვან საკითხს პარლამენტის რიგგარეშე, საგანგებო სხდომის ჩანიშვნა წარმოადგენს.
ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესს სახალხო დამცველიც ეხმაურება. ნინო ლომჯარია ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდებს გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა და ყველა ფორმატი იმისათვის, რომ ევროკავშირმა დაინახოს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები დღის წესრიგის მთავარი თემაა.
სასამართლოს პოლიტიკური მიკერძოებისაგან გათავისუფლება და სიტემის რეფორმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.