წამყვანი შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ი ბიძინა ივანიშვილს მორიგ შეზღუდვებს უწესებს | 07.07.2022

წამყვანი შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ი ბიძინა ივანიშვილს მორიგ შეზღუდვებს უწესებს. ინფორმციას ოლიგარქის  დაქირავებული იურიდიული  კომპანია ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ,  რომ ბანკი შეზღუდვების დაწესებაში,  ეყრდნობა  ევროპარლამენტის იმ  რეზოლუციას , რომლის მიხედვითაც ივანიშვილისთის სანქციების დაწესება განიხილებოდა. ადვოკატები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ  ივანიშვილისთვის დაწესებული ახალ რეგულაციები უპრეცედენტოა და ბანკის იმიჯს ლახავს. ადოკატები ისევ იმეორებენ, რომ ივანიშვილი პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლია და ამ თემაზე ის თავად ისაუბრებს.  ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკის მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მითითება უადგილოა, რადგან იმ დოკუმენტს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა და არ გაიზიარა ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ.

“ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ჯერ კიდევ 10 ივნისს, ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღებამდე თქვა, რომ მისი კლიენტი 4 მარტიდან “ფაქტობრივი სანქციების პირობებშია”. უფრო ადრე, 6 მაისს, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა PR კომპანია განცხადება გაავრცელა, რომლითაც იუწყებოდა, რომ ყოფილი პრემიერი სასამართლო დავას იწყებდა შვეიცარიული ბანკის – Credit Suisse-ის წინააღმდეგ იმის გამო, რომ  ოპერაციები შეფერხდა და ივანიშვილმა ფინანსური ზიანი მიიღო.  მიზეზად დასახელებული იყო “გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში”. 9 ივნისს კი ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს “დესტრუქციულ როლს” ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა “ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით”.