ქვეყნის არაფორმალური მმრთველი სანქციების მოლოდინში – “ოცნება” ივანიშვილის დაცვას ცდილობს | 07.07.2022

ქვეყნის არაფორმალური მმართველი სანქცირებულთა ახალ სიაში მოხვედრის კანდიდატია. უკრაინის ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმ პირების გამოვლენაზე, ვინც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს ხელს უწყობს. სია ძირითადად რუსი პოლიტიკოსებით და ბიზნესმენებით იქნება დაკომპლექტებული, მაგრამ ცნობილია, რომ ათას რუსს ქართველები და ბელორუსებიც დაემატებიან. მაიკ მაკფოლის შემდეგ, განცხადებას  დავით არახამია ავრცელებს. რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში ქართველი ხალხი არ დაზარალდება და პირიქით, ეს ნაბიჯი ქვეყანას დეოლიგარქიზაციაში დაეხმარება. არახამაია განმარტავს, რომ მაკფოლი განცხადებაში პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს და მის ახლო გარემოცვას გულისხმობდა.  მისი თქმით, ივანიშვილმა და მისმა გუნდმა  ხელისუფლების ყველა შტო დაიპყრო და ამ ხაფანგიდან საქართველო თავს საერთაშორისო დახმარების გარეშე ვერ დააღწევს.

გუშინ, ამერიკელმა დიპლომატმა მაიკ მაკფოლმა საქართველოში პირველი პირების დასანქცირება დააანონსა. მაკფოლს არ დაუსახელებია, კონკრეტული პირების გვარები, რომლებიც, შესაძლოა, საქართველოში დასანქცირდნენ და თქვა, რომ ამ საკითხზე სანქცირების ჯგუფმა შეთანხმებას უნდა მიაღწიოს. სიის შედგენაში უცხოელი დიპლომატები არიან ჩართული. სწორედ ამ დიპლომატებზეა დამოკიდებული როგორც სიის შედგენა, ასევე მისი გადაცემა დასავლეთში და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყტვეტილებების მიღების და კონკრეტული სანქციების დაწესების ლობირება.