მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ვტოვებ – ბორის ჯონსონი გადადგა | 07.07.2022

ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. გადაწყვეტილების შესახებ მან ოფიციალური განცხადებაც გააკეთა. ჯონსონი ასევე ტოვებს კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტსაც. ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შემოდგომამდე დარჩება, ვიდრე ქვეყანა კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერს და ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ჯონსონის მმართველობით უკმაყოფილო მთავრობის წევრები ერთიმეორის მიყოლებით პოსტებიდან გადადგნენ.  სამშაბათიდან ბრიტანეთის მთავრობა 50-ზე მეტმა მინისტრმა დატოვა. ბორის ჯონსონმა კი თავდაპირველად წასვლაზე უარი თქვა, თუმცა დღეს გადადგომის გადაწყვეტილება მაინც მიიღო. მინისტრების პროტესტი სექსუალურ სკანდალს უკავშირდება რომლის გამოც ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა. საქმე ეხება „კონსერვატორების“ პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობა 30 ივნისს დატოვა, თუმცა, როგორც მედია წერს, აღმოჩნდა, რომ პინჩერის წინააღმდეგ საჩივარი 3 წლით ადრეც არსებობდა, რომლის შესახებაც ბორის ჯინსონი საქმის კურსში იყო და ამის მიუხედავად, ის მაღალ თანამდებობაზე დანიშნა.

“მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ვტოვებ. აშკარაა, ახლა საპარლამენტო „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ პარტიამ ახალი ლიდერი და, შესაბამისად, ახალი პრემიერმინისტრი აირჩიოს. ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გამოცხადდება. დღეს მე დავნიშნე კაბინეტი, რომელიც იმსახურებს, ისევე როგორც მე, ახალი ლიდერის არჩევამდე. მინდა, ვუთხრა მილიონობით ადამიანს, რომელმაც ხმა მოგვცა 2019 წელს, რომელთაგან ბევრმა „კონსერვატორებს“ პირველად მისცა ხმა, მადლობა ამ შესანიშავი მანდატისთვის. მიზეზი, რომლის გამოც ბოლო დღეებში ამდენს ვცდილობდი, პირადად შემესრულებინა მანდატი, არ იყო მხოლოდ ის, რომ მე ამის გაკეთება მსურდა, არამედ მე ვგრძნობდი, რომ თქვენ წინაშე ჩემი მოვალეობა, ჩემი ვალდებულება იყო, რომ გამეგრძელებინა იმის კეთება, რასაც 2019 წელს დაგპირდით. რა თქმა უნდა, მე ამაყი ვარ ამ კაბინეტის მიღწევებით, მათ შორის „ბრექსითის“ დასრულებით, ამ ქვეყნის ძალაუფლების აღდგენა, რომ საკუთარი კანონები შექმნას პარლამენტში, პანდემიის გადალახვა, ევროპაში ვაქცინის ყველაზე სწრაფი გავრცელების უზრუნველყოფა, ლოკდაუნის რეჟიმიდან ყველაზე სწრაფად გამოსვლა და ბოლო რამდენიმე თვეში პუტინის აგრესიის წინააღმდეგ დასავლეთის ხელმძღვანელობა. ნება მიბოძეთ, ახლა მივმართო უკრაინელ ხალხს მე ვიცი, რომ ჩვენ დიდ ბრიტანეთში გავაგრძელებთ თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლის მხარდაჭერას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება ეს,” – განაცხადა ბორის ჯონსონმა.