სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულ მოველენებს უკავშირდება.
“სახალხო დამცველის სამართლებრივი შეფასებით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ამსახველი, საჯარო ვიდეომასალები თავისუფლად აღწევს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რათა თუნდაც ზურაბ მახარაძის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით. თუმცა, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის გასვლის შემდგომაც კი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურას არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია. დევნა არ დაიწყო არც სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ, რომელიც ასობით ადამიანს ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდებდა. 5 ივლისის უკანონო ქმედებების და ფართომასშტაბიანი ძალადობის ორგანიზატორმა ჯგუფმა 2021 წელსვე შექმნა მოქალაქეთა პოლიტიკური პარტია. მათი მრავალი წინარე და შემდგომი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას. სწორედ ამის გამო ჩვენს მიერ მომზადდა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება აღნიშნული პოლიტიკური პარტიის აკრძალვას,” – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.