ერთი წელი 5 ივლისის მოვლენებიდან – დამნაშავეები კვლავ დაუსჯელები არიან | 05.07.2022

1 წელი 5 ივლისის მოვლენებიდან – ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები ისევ დაუსჯელები არიან. 2021 წელს ამ დღეს თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები, მათ შორის, სასულიერო პირებიც, რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. იძალადეს ჟურნალისტებზე, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. დედაქალაქის მთავარ გამზირზე დახიეს ევროკავშირის დროშა და პარლამენტის წინ რკინის ჯვარი აღმართეს,რომელიც დღესაც ამ ადგილზე დგას.  ძალადობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წაახალისა, რომელმაც თქვა, რომ დაგეგმილი “ღირსების მარში” მისთვის “მიზანშეუწონელი” და საფრთხის შემცველია.  მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების მიზნით, ღირსების მარში გაუქმდა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა. მოძალადე ჯგუფებმა  ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა დაიწყეს. დაშავდა მედიის 50-ზე მეტი  წარმომადგენელი.

5 ივლისის მოვლენების მთავარი სიმბოლო ლექსო ლაშქარავაა, რომელიც გასულ წელს ფიზიკური ანგარიშსწორებიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს საკუთარმა დედამ საწოლში გარდაცვლილი ნახა. “სირცხილიას” ოფისში  20-მდე პირი ლაშქარავას სასტიკად გაუსწორდა.  გამოძიების დაწყებიდან, რამდენიმე საათში პროკურატურამ  თქვა, რომ გარდაცვალების მიზეზი ზედოზირებაა.

სწორედ ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ მედიამენეჯერი, ჟურალისტები  და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს გენერალურ პროკურატურასთან. ამბობენ, რომ  ძალადობრივი აქციიდან  ერთი წლის შემდეგაც მათ ისევ უსამართლობის განცდა აქვთ.

2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, დანაშაულის ყველა შესაძლო ეპიზოდი სათანადოდ გამოძიებული არ არის. ორგანიზაციის თავმჯდომარე შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა აქციის ორგანიზატორების მიმართაც დაიწყოს.

2021 წლის 5 ივლისის მოვლენებიდან, ერთი წლის თავზე, ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ “თბილისი პრაიდის” სარჩელი განსახილველად მიიღო.  ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებით, საქმეს შესაძლოა პრეცედენტული მნიშვნელობა მიენიჭოს. იურისტები ასევე ხაზს უსვამენ, რომ დღეს, ერთი წლის თავზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისთან დაკავშირებული საქმეების განხილვა დასრულებულია, თუმცა, პასუხი არ უგია  ძალადობის არც ერთ ორგანიზატორს, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც ბრალი ჰქონდათ წარდგენილი, მინიმალური სანქციები შეეფარდათ.  5 ივლისის საქმეს 57 დაზარალებული და 31 ბრალდებული ჰყავს, თუმცა მათ შორის არ არიან ორგანიზატორები.