ღარიბაშვილისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოწურულია – რას გეგმავს „შინ ევროპისკენ“ | 04.07.2022

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი აქტივისტები რამდენიმე საათის განმავლობაში,  ხმაურით, სტვენითა და შეძახილებით ცდილობდნენ  ირაკლი ღარიბაშვილისთვის ხმის მიწვდენას და მთავრობის სხდომის პარალელურად  პროტესტის გამოხატვას. მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ღამე საქართველოს პარლამენტთან გუშინ  გამართული ხალხმრავალი აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფმა გაათენა. აქციის მონაწილეები პოლიციამ იმ ტერიტორიიდან,  საიდანაც პრემიერი-მინისტრი შენობაში შედის ძალის გამოყენებით გაიყვანა. მთავრობის კანცელარიასთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. შენობას რკინის ჯებირები და პოლიციელთა უპრეცედენტო რაოდენობა იცავდა.

ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციის მხარდამჭერები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვენ. ამბობენ, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად,   ქართული ოცნება ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს.  სწორედ ამიტომ ისინი  განმოსავალს უწყვეტ პროტესტსა და მათი მოთხოვნების შესრულებაში ხედავენ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან   საპროტესტო აქციას დასრულებულია, თუმცა აქციის ორგანიზატორები პროტესტს მაინც აგრძელებენ.  კონკრეტულ სამოქედო გეგმას ისინი საზოგადოებას მალე გააცნობენ. მოძრაობის  “შინ ევროპისკენ” წევრები პრემიერ-მინისტრის გადადგომას  და ეროვნული თანხმობით ახალი მთავრობის ფორმირებას ითხოვენ.  მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა გუშინ ამოიწურა.