„არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა ღირსების შელახვას არ ამართლებს, ეს იყო პროპორციული პასუხი“ – ასეთია ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, “ტვ პირველის” დამფუძნებელზე, ვატო წერეთელზე თავდასხმაში მონაწილე “ქართული ოცნების” დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის პირველი კომენტარი. ოხანაშვილი მომხდარს არ უარყოფს და ადასტურებს, რომ ვატო წერეთელზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა, თუმცა თავს იმით იმართლებს, რომ წერეთელმა ეს დაიმსახურა. ოხანაშვილი თანახმაა გასაჯაროვდეს ყველა ვიდეოჩანაწერი, რომელიც საელჩოს აქვს და ამტკიცებს, რომ მედიამენჯერმა “უბინძურესი ქმედება” ჩაიდინა და ასეთ დროს, “ყველა ადამიანი ვალდებულია ღირსება დაიცვას“. „ქართული ოცნების“ წევრი ვატო წერეთელს მოუწოდებს, ჩაიტაროს ექსპერტიზა, თუ რა მდგომარეობაში იყო მისული საელჩოს ღონისძიებაზე. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა “განგრძობად პროვოკაციას”. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში ანრი ოხანაშვილის გარდა ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი მონაწილეობდნენ, თუმცა, როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ოდიშარია და ზარქუა კონფლიქტის განმუხტვას ცდილობდნენ.
ჯგუფურ დანაშაულსა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს “ტვ პირველის” მფლობელი, ვატო წერეთელი. ის არ გამორიცხავს, რომ თავდასხმა ანრი ოხანაშვილთან ერთი წლის წინ, პარლამენტში მომხდარ შელაპარაკებას უკავშირდებოდეს. მისი თქმით, “ოცნების” დეპუტატს შესაძლოა, წყენა ისევ გულში ჰქონდა. მედიამენეჯერი ამერიკის საელჩოსგან ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროვებას ითხოვს. თავის მხრივ, საელჩომ განცხადება გუშინვე გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ მომხდარს სწავლობენ. ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს, რომლებიც ყვებიან, რომ “ტვ პირველის” დამფუძნებლის მხრიდან პროვოცირებას ადგილი არ ჰქონია. მედიამენეჯერები ამბობენ, რომ წერეთელს ხელი ოხანაშვილის გარდა ლევან მგალობლიშვილმაც დაარტყა.
“მოძალადე უნდა დაისაჯოს და თავდასხმაში მონაწილე დეპუტატებმა მანდატი უნდა დატოვონ” – კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ანრი ოხანაშვილისთვის და მასთან ერთად კიდევ 3 დეპუტატისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ. მათი აზრით, ამერიკის საელჩოს ეზოში მმართველი გუნდის დეპუტატის მხრიდან მედიამენეჯერზე თავდასხმა ხელისუფლების აგრესიული რიტორიკის მორიგი გამოხატულებაა. მედიის წარმომადგენლები ფაქტზე გამოძიების დაწყებასაც ითხოვენ.
მომხდარს გმობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მმართველ პარტიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს. ქარტია ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას და მოუწოდებს მათ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ქარტიის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა განპირობებულია ერთი მხრივ, ჟურნალისტებზე ძალადობის გამოუძიებელი ფაქტებით და მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკით. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედება არ გახდეს მედიის მისამართით დანაშაულის კიდევ უფრო მეტად წამახალისებელი” – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება.
ინციდენტი გუშინ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მოხდა. “ტვ პირველის” დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ საელჩოს ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ, ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა კი მას ხელი დაარტყეს.