როგორ აპირებს “ოცნება” ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებას | 01.07.2022

საქართველოს პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მუშაობას იწყებს.  ამის შესახებ “ქართულ ოცნებაში”  პოლიტსაბჭოს  დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მან გაასაჯაროვა სამოქმედო გეგმა, როგორ აპირებს პარტია ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებას.   კობახიძის თქმით,  გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც პოლიტიკოსებთან ერთად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ჯგუფი შეიმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი 29 ნოემბრამდე მიიღებს.

“ქართული ოცნების თავმჯდომარე  აცხადებს, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის პირველი პუნქტის, პოლარიზაციის აღმოფხვრის მიზნით პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება. მისივე  თქმით, ამ გუნდის წევრი იქნება ყველა საპარლამენტო პარტია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები. მმართველი გუნდის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ მონიტორინგის ჯგუფის შექმნისა და მუშაობის კოორდინაციას უზრუნველყოფს პარლამენტის თავმჯდომარე. მმართველ გუნდში ამბობენ იმასაც,რომ პოლარიზაციის შესამცირებლად აგრესიულ რიტორიკაზე “ერთგვარი მორატორიუმი” უნდა გამოცხადდეს. ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალი ექვსი თვის განმავლობაში თავი ოპოზიციამაც  უნდა შეიკავოს.