მმართველი პარტიის მიერ დაწყებულ ანტიდასავლურ კამპანიას საქართველოში ამერიკის ელჩი პასუხობს. „არავის უნდა საქართველოს ომში ჩართვა“ – ასეთია ამერიკელი დიპლომატის პასუხი. კელი დეგნანი პირდაპირ ამბობს, რომ დასავლეთის მიზანი არა ქვეყნის ომში ჩართვა, არამედ უკრაინაში ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაა. ამერიკის ელჩმა განცხადება “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატების საპასუხოდ გააკეთა. სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი თვლიან, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ის ომში ჩაერთვება. კელი დეგნანმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ უთხრა, რომ მშვიდობა არა ანტიდასავლურ კამპანიას და დასავლეთზე თავდასხმას, არამედ დასავლეთთან დაახლოებას მოაქვს.
“მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. შტატებს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. ამერიკამ და ევროპამ, საქართველოს მეგობრებმა, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გავაკეთეთ ყველაფერი, რათა დავხმარებოდით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთი ახდენს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას. რუსეთია ის, ვინც სცადა თქვენი ენის განადგურება, რუსეთია, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები და გამოიყენა ისინი ცხოველების სადგომებად. თუ არსებობს რაიმე კითხვები, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთვის, მაშინ უბრალოდ უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს და ნახავთ. თქვენი მეგობრები არიან ამერიკა და ევროპა და ეს არის გზა, რომელსაც მოაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა,” – განაცხადა კელი დეგნანმა.
სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები გუშინ დატოვეს, თუმცა პარლამენტში დეპუტატის მანდატებს ინარჩუნებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებსა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის რისკებთან დაკავშირებით, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. სწორედ ამ მიზნით, დეპუტატებმა გუშინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც დიდი ნაწილი ოპონენტების კრიტიკას და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თემას დაუთმეს. მათი თქმით, კანდიდატობის სტატუსის თემა იყო “სათაგური”, რომელშიც ხელისუფლებას თავი სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ შეაყოფინა და რეალურად ის არაფრისმომცემია. სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობა“ კვლავ რევოლუციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულეს. რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატები თვლიან, რომ ქვეყანა სტატუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ის ომში ჩაერთვება. დეპუტატთა ტრიო საზოგადოებას დაპირდა, რომ თანდათანობით მიაწვდიან ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება.