სუს-ის სკანდალური ფაილების საქმზე არასამთავრობოებმა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინეს | 29.06.2022

შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“  ევროპულ სასამართლოში პირველი საჩივარი წარადგინეს. საქმე ეხება 2021 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების შესახებ. საუბარია დაახლოებით 58 000-მდე ფაილზე, სადაც აღწერილია ჟურნალისტების, სასულიერო პირების,  პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატებისა და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციისა და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაცია. არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, საქმის წარდგენის მიზანი საქართველოში ფარული მოსმენა-მიყურადების კანონმდებლობის კონვენციურ სტანდარტთან შეუსაბამობის გასაჩივრებაა.  იურისტები საუბრობენ არაეფექტიან გამოძიებაზეც.

ხმაურიანმა ფაილებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან 13 სექტემბერს გაჟონა. ირკვევა, რომ ქვეყანაში უსმენენ ელჩებსაც, ფაილებში პირადი სახის ინფორმაციაა სინოდის წევრებზე და  სასულიერო პირებზე. ჩანაწერის მიხედვით ასევე უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. ე.წ. კრებსები 2013-2021 წლებით თარიღსება. ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის პოლტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ფაილებში ფიგურირებს.