რატომ გამოეყო დეპუტატების ტრიო “ოცნებას” – რა გეგმა აქვს ივანიშვილს? | 29.06.2022

რატომ გამოეყო დეპუტატების ტრიო “ოცნებას” – მმართველი პარტიის ოპონენტები ფიქრობენ, რომ საქმე ბიძინა ივანიშვილის მორიგ თამაშთან გვაქვს. მათი თქმით, ოლიგარქი ცდილობს პარლამენტში ახალი ფრთა შექმნას, რომელიც თავის განცხადებებში უფრო რადიკალური იქნება. ოპოზიცია რიგითი დეპუტატებისგან, რომლებმაც გუშინ “ქართული ოცნება” დატოვეს, ანტიდასავლურ განცხადებებს ელოდება, რადგან, როგორც  სოზარ სუბარი , დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ამბობენ, იტყვიან იმას, რასაც პარტიის სახელით ვერ ამბობდნენ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ დეპუტატების ტრიოს გამოყოფა იმიტირებულიც რომ იყოს, ეს უკვე ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” ძალაუფლებას კარგავს და მმართველი პარტიის მხრიდან ეს ნაბიჯი სისუსტის დემონსტრირებაა.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სოზარის პარტიიდან წასვლის მიზეზად ისინი იმ ოფიციალურ განცხადებას იმეორებენ, რომელიც გუშინ უმრავლესობი სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ გააკრეთა. “ქართულ ოცნებაში” დღესაც თქვეს, რომ გუნდში განსხვავებული შეხედულებები მხოლოდ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით, არსებობდა და არა რომელიმე კონკრეტულ საკითხზე. მმართველ პარტიაში  ამბობენ, რომ საფუძველს მოკლებულია მოსაზრება, რომ ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მიერაა დაგეგმილი. რაიმე სახის უთანხმოებას არ ადასტურებენ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. გარემოს დაცვის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, მისთვის გაუგებარია, რა ე.წ “ტრიკუებზეა” საუბარი.

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები გუშინ დატოვეს, თუმცა პარლამენტში დეპუტატის მანდატებს ინარჩუნებენ. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრები ამბობენ, რომ თანაგუნდელებთან ღირებულებითი კონფლიქტი არ აქვთ, თუმცა, უმრავლესობისგან განსხვავებით, მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებსა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის რისკებთან დაკავშირებით, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.