სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საკუთარი მოსაზრებები – ოპონენეტებზე და ქვეყნის ევროპულ მომავალზე დააფიქსირეს. განცხადებაში დეპუტატთა ტრიო საუბრობს წასვლის მიზეზებზეც. განცხადება საკმაოდ ვრცელია და ანტიევროპულ განწყობებს შეიცავს. “ქართული ოცნების” უკვე ყოფილი დეპუტატები აკრიტიკებენ ყველა იმ ევროპელ კოლეგას, რომლებიც ქვეყნის დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ და ბიძინა ივანიშვილს არაფორმალურ მმართველს უწოდებენ. წერილის დიდი ნაწილი ეთმობა ოპონენტების, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობისა” და დამოუკიდებელი მედიის კრიტიკას. თვლიან, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თემა იყო “სათაგური”, რომელშიც ხელისუფლებას თავი სწორედ “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეაყოფინა და რეალურად ის არაფრისმომცემია. სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ კვლავ რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ და შესაძლო სცენარის შესახებ საუბრობენ. რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატები თვლიან, რომ ქვეყანა სტატუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ის ომში ჩაერთვება. დეპუტატთა ტრიო საზოგადოებას პირდება, რომ თანდათანობით მიაწვდიან ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება.