“სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების სურვილი” – ასე ეხმაურებიან “ქართულ ოცნებაში” 3 ივლისის აქციას და მოთხოვნებს, რომელთა შესრულებასაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ„ ითხოვს. ხელისუფლება კვლავ დესტურქციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამოქალაქო მოძრაობის უკან, “ნაციონალური მოძრაობა” დგას, მიზანი კი – ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. “ქართული ოცნების” ამ შეფასებები ფონზე, ოპოზიცია კიდევ უფრო დარწმუნებულია, რომ მმართველი ძალა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს, ისევე როგორც სამოქალაქო მოძრაობის მოთხოვნების.
ცნობისთვის, სამოქალაქო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ” 24 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება მოითხოვა. მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცა. 3 ივლისს რუსთაველის გამზირზე მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.