ყოფილი მოსამართლე ივანიშვილს მიმართავს „კლანის წევრ მოსამართლეებს“ შინ წასვლა ურჩიოს. ღია წერილს, უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ როცა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები წყდება, ბიძინა ივანიშვილს აქვს შანსი ისტორიაში შევიდეს როგორც დამოუკიდებელი სასამართლოს დამფუძნებელი. ალავიძე წერს თუ როგორ უხსნიდნენ მოსამართლეებს ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირები, წინა და მოქმედი ხელისუფლებისადმი მორჩილების აუცილებლობას. იმ შემთხვევაში, თუ გამოქვეყნებული მოსაზრებების გამო ყოფილ მოსამართლეს ან მისი ოჯახის წევრებს საფრთხე შეექმნებათ – ის პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
“გულწრფელად გეტყვით და სრული პასუხისმგებლობით, ის ადამიანები, რომელთაც თქვენ ნდობა გამოუცხადეთ ასე უხსნიდნენ მოსამართლეებს, მათ შორის მეც “ახალი მორჩილების” ამბავს, – “ჩვენ ყველა იმ ხელისუფალს უნდა ვემსახუროთ, რომელიც უმრავლესობით მოვა, ასე ვიყავით ნაციონალების დროს, ასე უნდა ვიყოთ ახლა და მომავალში ვინც მოვა იმასთან ვიქნებითო.” სასამართლო კლანის უვადოდ ჩაბეტონებით თქვენ საფრთხის წინაშე დააყენეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, სწორედ ეს ადამიანები კარნახობდნენ მოსამართლეებს რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, ვიდრე თქვენ ოპოზიციაში იყავით, დროს ყველაფერი შეუძლია, რა იცით, იქნებ აღმოჩნდეთ ნაცნობ, მძიმე სიტუაციაში და ისევ დაგჭირდეთ სამართლიანი სასამართლო, გაძლევთ გარანტიად საკუთარ სიცოცხლეს რომ ამას ვერ მიიღებთ “კლანური” მმართველობის პირობებში. თქვენ გაქვთ შანსი გააუვნებელყოთ თქვენს ხელში არსებული ნაღმი და შეასრულოთ ისტორიული მისია. თუ ამ წერილის გამო ჩემს ოჯახის წევრებს ან ახლობლებს შეექმნებათ მცირედი საფრთხე მაინც, თქვენ უნდა აიღოთ ეს პასუხისმგებლობა, მე საკუთარი თავი გადადებული მაქვს!” – ბესარიონ ალავიძის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს.