ესპანეთის დედაქალაქი ნატო-ს სამდღიან სამიტს მასპინძლობს. სამიტი ოფიციალურად ცოტა ხნის წინ გაიხსნა. ის ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნეს. სამიტზე უნდა შეთანხმდეს ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ასევე, უნდა განისაზღვროს უკრაინისთვის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი და პროგრესი მიიღწეს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, დასავლური სამხედრო ალიანსი გააძლიერებს ჯარების მზაობას და მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გადააჭარბებს 300,000-ს, რაც იქნება პასუხი უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრაზე. სამიტის მონაწილეებს ვიდეოკავშირით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
მადრიდში ნატო-ს სამიტზე გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაური სამიტზე ნატოს გენერალურმა მდივანმა მიიწვია. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს. საქართველოს დელეგაციაში, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებიც შედიან, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც.