ბათუმის სანქცირებული ნავთობით დატვირთული ტანკერის შესვლის გამო ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს | 28.06.2022

ბათუმის პორტში,  სანქცირებული ნავთობით დატვირთული ტანკერის შესვლის გამო ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენეტებს  აინტერესებთ, თუ  როგორ აღმოჩნდა სანქცირებული პროდუქტი   საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.  ირკვევა, რომ ქართულმა  მხარემ   სანქცირებული ტვირთით სავსე გემი, ბათუმის ნავსადგურიდან  ისე გაუშვა, რომ საკითხზე  გამოძიება  არც კი  დაუწყია. ინფორმაცია, რომ ტვირთი  სანქცირებული იყო, გუშინ ეკონომიკის მინისტრმა დაადასტურა, თუმცა ლევან დავითაშვილს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.  ოპოზიცია თვლის, რომ  სანქცირებული ტვირთის გატარებაზე ხელისუფლება წინასწარ იყო ინფორმირებული.

ბათუმის პორტში 26 ივნისს თურქეთის დროშით მცურავი გემი შემოვიდა, რომელზეც როგორც გაირკვა, სანქცირებული  ნავთობი იყო ჩატვირთული. მას შემდეგ რაც ინფორმაცია მედიამ გაავრცელა,  საქართველომ სანქცირებული ნავთობით დატვირთული ტანკერი უკან გააბრუნა. ფაქტზე შემოსავლების სამსახურმა განცხადება გუშინ  გაავრცელა. უწყებამ  შემოწმებისას დაადგინდა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში არ ირიცხებოდნენ, თუმცა  გემზე განთავსებული საქონელი საერთაშორისო სანქციების ქევშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი იყო. ამის გათვალისწინებით, გემის მფლობელს ტვირთის დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარი უთხრეს.