100 წლის შემდეგ პირველად, რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა | 27.06.2022

100 წლის შემდეგ პირველად რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა. ბოლოს ოკუპანტმა ქვეყანამ უცხოელ კრედიტორებს ვალი 1918 წელს ვერ გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. მედიის ცნობით, რუსეთს სახელმწიფო ობლიგაციების 100 მილიონი დოლარის ოდენობის საპროცენტო გადასახადების გადახდის საშეღავათო პერიოდის ბოლო ვადა 26 ივნისს საღამოს ამოეწურა.

დეფოლტი აღებული ვალების ვერ, ან არდაბრუნებას ნიშნავს. როდესაც ქვეყანა დეფოლტს აცხადებს, მისი საკრედიტო რეიტინგი მინიმუმამდე ეცემა და კაპიტალი შემოდინების ნაცვლად, გადინებას იწყებს. დეფოლტი მანიშნებელია იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურ, ფინანსურ და პოლიტიკურ იზოლირებას განიცდის. ცენტრალური ბანკის საგარეო რეზერვები გაყინულია, უმსხვილესი ბანკები კი გლობალური ფინანსური სისტემებიდან მოწყვეტილი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას, დეფოლტი სიმბოლურია, რადგან ქვეყანა ორნიშნა ინფლაციასა და ეკონომიკურ ვარდნას ებრძვის. დეფოლტს უარყოფენ კრემლში. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დეფოლტის შესახებ განცხადებებს “არამართლზომიერი” უწოდა. რუსეთის ფინანსთა მინისტრის თქმით, კი ვითარება „ფარსია“. მან აღნიშნა, რომ დასავლეთის მიზანი რუსეთისთვის “დეფოლტის იარლიყის” მიწებებაა. რუსეთმა დეფოლტი ბოლოს 1918 წელს გამოაცხადა, ბოლშევიკური რევოლუციის დროს, როდესაც ახალმა კომუნისტმა ლიდერმა, ვლადიმერ ლენინმა რუსეთის იმპერიის ვალების გადახდაზე უარი თქვა.