“საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ, ევროპამ კარი გაგვიხსნა, ეს აღიარებაა” | 24.06.2022

“საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ, ევროპამ კარი გაგვიხსნა, ეს აღიარებაა” ასეთია პრემიერ-მინისტრის პირველი საჯარო განცხადება, მას შემდეგ რაც  ცნობილი გახდა,რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი არ მიანიჭა და კონკრეტული ამოცანების შესრულების შემდეგ, მხოლოდ ევროპული პერსპექტივა დაუტოვა. ხელისუფლება გადაწყვეტილების შემდეგ, რიტორიკას იცვლის.  პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად “ქართული ოცნება” ევროკავშირის პირობების შესრულებას აპირებს.  პირველი პირობა, რომლის შესრულების აუცილებლობაზე ღარიბაშვილი საუბრობს პოლარიზაციის დასრულებას ეხება.  პრემიერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპონენტებს საცოდავებს და სამკურნალოებს უწოდებდა, დღეს  მათ მოლაპარაკების მაგიდასთან ეპატიჟება.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია და  თავისუფალი მედიაგარემო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომისია მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს პრიორიტეტების შესრულების ნაწილში, რის შესახებაც მოხსენებას 2022 წლის ბოლომდე გააკეთებს.