ბრიუსელი საქართველოსგან რეფორმების შესრულებას ელოდება – გზავნილი საქართველოს მოსახლეობის | 24.06.2022

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა ოფიციალურად მიენიჭა. 27 ქვეყნის ლიდერმა ევროკომისიის რეკომენდაციები სრულად გაიზიარა. ოფიციალური ბრიუსელი საქართველოსგან რეფორმების შესრულებას ელოდება. გზავნილი საქართველოს მოსახლეობის მიმართ ერთიანია – ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი, თუმცა იქამდე  ფუნდამენტური რეფორმების გატარებაა საჭირო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა დიდ პროგრესს მიაღწევს თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება. მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებასა და პოლიტიკური ერთიანობის აუცილებლობას ხაზი გაუსვა ევროკომისიის პრეზიდენტმაც. ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ რა რეფორმებიც უნდა გაატაროს საქართველომ დეტალურად არის გაწერილი ევროკომისიის ანგარიშში. ეს გულისხმობს დეოლიგარქიზაციას, პოლარიზაციის დაძლევას, ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, მართლმსაჯულების რეფორმას, პლურალისტური და თავისუფალი მედიაგარემოს შექმნას.

“საქართველო ახლა ნამდვილად ადგას ევროპულ გზას” – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი twitter-ზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს. მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან ერთად მუშაობისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გამოიყენოს.

ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, 27 ქვეყნის ლიდერს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. ასევე, შეხვედრაზე ონლაინ ფორმატში მიიღეს მონაწილეობა უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტებმაც. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ შანსი, რომელიც საქართველომ მიიღო გამოწვევაა. მან ევროპულ საბჭოს მიმართა, რომ შეუძლიათ, როგორც მისი, ასევე ქართველი ხალხის იმედი ჰქონდეთ.

საქართველოს მთავრობას ზუსტად 6 თვე დარჩა, რომ ყველა მოთხოვნა შეასრულოს. დეკმებერში კი ევროკომისია ხელისუფლების მუშაობს შეაჯამებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.