“აშშ მხარს უჭერს ევროკავშირთან უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას” – ეს განცხადება ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა გააკეთა. მას გუშინ გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, მაშინ, როცა ევროკომისიის რეკომენდაციაა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემა და საქართველოსთვის – ევროპული პერსპექტივის, მიაჩნია თუ არა, რომ საქართველოც იმსახურებს ამ გზაზე მხარდაჭერას. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ყველა ეს ქვეყანა ბოლო ათწლეულებია გამოხატავს დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების და დაახლოების სურვილს და აშშ სამივე ქვეყანასთან მუშაობს, რათა დახმაროს დემოკრატიული ინსტიტუტების, კონტროლისა და ბალანსის სისტემის და ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარებაში და ამ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. ნედ პრაისის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დეტალები და ვადები ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია.