როგორ აფასებს 20 ივნისის მასშტაბურ აქციას პოლიტიკური სპექტრი | 21.06.2022

ოპოზიციური სპექტრის თქმით,  თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა  დაამტკიცეს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი  ევროპაა და კიდევ ერთხელ უთხრეს უარი ოკუპანტ რუსეთს.  ხელისუფლების ოპონენტები იმასაც ამბობენ რომ ქართველმა ხალხმა გუშინ ნათლად გამოხატა საკუთარი ნება, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მისცემენ საქართველოს ევროპული მომავლის წართმევის უფლებას.

“ქართული ოცნება” კი ამტკიცებს, რომ  20 ივნისს გამართული აქცია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ იყო ორგანიზებული. მათი ერთადერთი სურვილი კი ქვეყანაში არეულობის მოწყობაა.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე ევროკავშირის ჰიმნმა გუშინ რამდენჯერმე გაიჟღერა. უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი პარლამენტის წინ ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად გამოვიდა. აქციის მონაწილეებს სიტყვით ევროპარლამენტარებმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებმა მიმართეს.  თქვეს, რომ მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა არ ცვლის ქართველ ხალხთან ურთიერთობას. ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს პროევროპული ხელისუფლება, რომელიც იქნება გადამწვეტი ფაქტორი ევროპაში ინტეგრავიისთვის.