მწვავე პოლიტიკური განცხადებები სესიაზე | 21.06.2022

რუსთაველის გამზირზე გამართული მასშტაბური აქცია და ევროკომიის რეკომენდაციები დღეს პარლამენტის სხდომაზე მწვავე განცხადებების მიზეზი გახდა. მმართველი გუნდის დეპუტატებმა ამჯერად ვეღარ უარყვეს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე მართლაც დიდი რაოდენობით ადამიანი მივიდა, თუმცა აქციაზე მყოფებთან დაკავშირებით როგორც ჩანს ქართული ოცნება საერთო მესიჯბოქსზე ვერ შეთანხმდა.

მმართველი  პარტიის თავმჯდომარე  ერთის მხრივ აქციაზე მყოფ ადამიანებს ნაცებს უწოდებს, მეორეს მხრივ კი პოლარიზაციის გაღრმავებაში ოპოზიციას ადანაშაულებს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის შეფასებით გუშინდელი აქცია მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიცია ევროკომისიის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს. ოპოზიცია კი უმრავლესობას მოუწოდებს შეასრულოს დასავლეთის რეკომენდაციები და პროცესი დეოლიგარქიზაციით დაიწყოს.

პარლამენტის დეპუტატთა ნაწილი ხელისუფლებას და ოპოზიციას სიტყვების ნაცვლად ქმედებებზე გადასვლას ურჩევს. მათი თქმით, თუ პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია სურს, მაშინ ევროკომიის რეკომენდაციების შესასრულებლად ერთობლივი მუშაობა უნდა დაიწყონ.

ევკოპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 24 ივნისს უნდა მიიღოს. ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად კანდიდატის სტატუსი ამ ეტაპზე მხოლოდ უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოს, საქართველოს კი პერსპექტივას აძლევენ, რომ მათი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს მიანიჭებენ.