“ის, რაც გუშინ ვნახე, საქართველოს ევროპული არჩევანის დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო,” – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. ჰარცელი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მისივე ხელშია და ეს მკაფიო სიგნალია. ელჩის შეფასებით, ევროკომისიის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ქვეყანას აქვს საშინაო დავალება მიცემული, აქვს სამუშაო იმისთვის, რომ წლის ბოლოს გადაწყვეტილება გადაიხედოს.
“ის, რაც გუშინ ვნახეთ იყო ფართომასშტაბიანი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია საქართველოს ევროპული არჩევანისთვის. უამრავი ადამიანი გამოვიდა იმ სურვილით, რომ საქართველომ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, გადადგას სწორი ნაბიჯები იმისათვის, რომ რეალურად, წაწიოს წინ საქართველოს ევროპული დღის წესრიგი. ევროკომისიამ გასულ პარასკევს გაუხსნა კარი უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა იყოს გაშვებული. ეს იყო მკაფიო “დიახ” ევროკომისიისგან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, მომავალში გახდეს ევროკავშირის წევრი. პრეზიდენტმა მიშელმაც განაცხადა, რომ დროა, ვაღიაროთ, რომ უკრაინის მოლდოვას და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ეს ძლიერი გზავნილია. როგორც ვიცით, საქართველოს შეფასება იყო ნაკლებად სასურველი, ვიდრე უკრაინისა და მოლდოვის. ეს ევროპული მისწრაფებების დემონსტრირებისთვის გადამწყვეტი ნაბიჯების საჭიროებას უსვამს ხაზს. გზავნილი მკაფიოა – საქართველოს ევროპული ბედი საქართველოს ხელშია,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
დედაქალაქში გამართულ მასშტაბურ აქციას გამოეხმაურა საქართველოში საფრანგეთის ელჩიც. დიეგო კოლასის თქმით, ის, რაც ევროკავშირმა საქართველოს შესთავაზა, ევროპული პერსპექტივა, ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და ქვეყანამ რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს.
ქართულენოვანი პოსტი და აქციის “შინ ევროპისკენ” ფოტო გამოაქვეყნა პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა, მალგორზატა გოშიევსკამ. მან დაწერა, რომ რუსთაველზე გამართული აქცია ვროპული იდენტობის საუკეთესო დასტურია და ახლა ევროკავშირის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების დროა. გოშიევსკა წერს, რომ იმ რთულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა, რომელის წინაშეც ახლა საქართველოა, ერთადერთ ადამიანს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.
20 ივნისს გამართულ აქციას “შინ ევროპისკენ” ეხმაურება ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი და წერს, რომ საქართველო ევროპაა, რადგან ამას მისი ხალხი ამბობს.
საქართველოში გუშინ გამართული აქციების შესახებ წერს საერთაშორისო მედია.
“ორშაბათს ათიათასობით დემონსტრანტმა მსვლელობა მოაწყო საქართველოს დედაქალაქ თბილისში, კავკასიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით. ევროპისა და საქართველოს დროშების ფრიალით, დაახლოებით 60,000 დემონსტრანტი შეიკრიბა საქართველოს პარლამენტის წინ, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა დაეცადათ, სანამ თბილისის კანდიდატის სტატუსის მიანიჭებდნენ. რამდენიმე პროევროპულმა ორგანიზაციამ და ყველა ოპოზიციურმა ჯგუფმა ორშაბათს საღამოს თბილისში მოაწყო “ევროპის მარში”, რათა “დამტკიცონ ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი,” – წერს euronews-ი.