ენდობით პუტინს? – ღარიბაშვილმა ყატარში პასუხისგან თავი შეიკავა | 21.06.2022

ენდობით პუტინს?  – ამ შეკითხვით მიმართა კატარის ეკონომიკური ფორუმის წამყვანმა პრემიერ ირაკლი  ღარიბაშვილს, მას შემდეგ რაც მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანა ნატო-ში მხოლოდ ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ უნდა გაწევრიანდეს.  ირაკლი ღარიბაშვილმა პასუხს თავი აარიდა და ილაპარაკა იმაზე, რომ ბოლო 30 წელში საქართველო სამჯერ გახდა რუსული აგრესიის მსხვერპლი, ხოლო 90-იან წლებში, რუსეთი ღარიბაშვილის თქმით, სეპარატისტებს ეხმარებოდა:

პრემიერმა გაიხსენა 2008 წელს საქართველოში განხორციელებული რუსული აგრესია. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას ყველა პლატფორმაზე. მისივე თქმით, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთს ეკონომიკური სანქციები არ დაუწესა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გამოეხმაურა ევროკომისიის გადაწყვეტილებასაც და მას უსამართლო უწოდა.  როგორც პრემიერმა აღნიშნა, „თუ შევადარებთ საქართველოს მუშაობას, ჩვენს რეფორმებს, ყველაფერს, დამსახურებულად თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელსაც მიენიჭებოდა ეს სტატუსი“.