პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. მალგოჟეტა გოშევსკა კლინიკა “ვივამედში” მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად მივიდა. თქვა, რომ პოლონეთის ხელისუფლებას ირაკლი ღარიბაშვილისგან პირობა ჰქონდა მიღებული, რომ საქართველოში სააკაშვილის ნახვას შეძლებდა, თუმცა დღეს ამის საშუალება არ მიეცა. გოშევსკამ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ არგაშვებას ბარბაროსული აქტი უწოდა. მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ხელისუფლება საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას არ აძლევს – პოლონეთი კი მზადაა სააკაშვილი მიიღოს და უმკურნალოს.
“პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის ჩემთან არშემოშვება, მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა”- ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის კლინიკაში არ შეშვების ფაქტს. მიმართვა სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ წაიკითხა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში შიმშილობის შემდეგ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მკურნალობის კურსს კლინიკა “ვივამედში“ გადის. ოჯახი და თანაგუნდელები ექსპრეზიდენტის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ წაყვანის ნებართვას ითხოვენ, მთავრობა კი ამბობს, რომ სააკაშვილისთვის სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა საქართველოშიც შესაძლებელია.