ევროკომისიის პირველად რეკომენდაციამდე ერთი დღე რჩება. რა მოლოდინი აქვს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს – მთავარი კითხვა დღეს, სწორედ ეს არის ოპოზიციის ნაწილი საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს პესიმისტურად უყურებს, ნაწილი კი იმედოვნებს, რომ სკეპტიკური გამოხმაურებების მიუხედავად, საბოლოო შედეგი დადებითი იქნება. ოპოზიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქვეყნის პრეზიდენტს, აქციის დაანონსების ნაცვლად, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს, ევროპარლამენტის რეზოლუციის კონკრეტული მოთხოვნების შესასრულებლად. ხელისუფლების ოპონენტები ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ და ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგები მოიტანა, რადგან თუ წლების განმავლობაში საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანა იყო, ახლა მასთან მიმართებაში ბევრი კითხვა არსებობს.
ევროკავშირი საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 23 ან 24 ივნისს გამოაცხადებს.