ნატო გეგმავს პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს საფრთხის ქვეშ მყოფ საქართველოს და სხვა ქვეყნებს | 15.06.2022

ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი იმართება. ალიანსის თავდაცვის მინისტრები დღეს სამუშაო სადილს გამართავენ, რომელზეც საქართველოს, უკრაინის, ფინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებიც მიიწვიეს. მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო გეგმავს გაუზარდოს უკრაინას სამხედრო დახმარება და პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს საფრთხის ქვეშ მყოფ საქართველოს და სხვა ქვეყნებს. დღეს და ხვალ ალიანსის თავდაცვის მინისტრები ასევე იმსჯელებენ ნატო-ს სამიტზე, რომელიც 28-30 ივნისს მადრიდში გაიმართება. იენს სტოლტენბერგმა მოახლოებულ სამიტს ისტორიული და გარდამტეხი უწოდა და თქვა, რომ მადრიდის სამიტში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს.