“სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევეობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ” – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე პრეზიდენტის გუშინდელ ბრიფინგს. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე მმართველი გუნდის მხარდაჭერილი იყო დღეს სხვა რეალობის წინაშე დადგა. დაპირისპირება ქვეყნის მთავარ ინსიტუტებს შორის ყოველდღიურად ღრმავდება. ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს ამჯერად რადიკალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელებაში ადანაშაულებს.
პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგმა პოლიტიკურ სპექტრში დაბნეულობა გამოიწვია. სალომე ზურაბიშვილის გზავნილები მმართველი გუნდის დიდი ნაწილისთვის ბუნდოვანია. უმრავლესობის წევრები პრეზიდენტის მხრიდან კრიტიკის საფუძველს ვერ ხედავენ.
პრეზიდენტის გზავნილების მიმართ აზრთა სხვადასხვაობაა ოპოზიციაში. მათი ნაწილი არასწორად მიიჩნებს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დასმულ ტოლობის ნიშანს. ამბობენ იმასაც, რომ პრეზიდენტის განცხადებები არათანმიმდევრული იყო. ოპოზიციური სპექტრის გარკვეულმა ნაწილმა სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის მიღმა- ბიძინა ივანიშვილის წინაშე თავის მართლების მცდელობა დაინახა.
საგანგებო ბრიფინგის შემდეგ სახალხო დამცველს პრეზიდენტთან კითხვა აქვს, რატომ არ იდგმება მისი მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები, რაც ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებად ჩაითვლებოდა. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პრეზიდენტის გზავნილებს გარკვეულწილად ეთანხმებს, თუმცა მიიჩნევს, ქვეყნის მთავარსარდალს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შეეძლო.