მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს? | 14.06.2022

მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს – ქვეყანა ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ბოლო წლების პოლიტიკური არეულობა და დემოკრატიული უკუსვლა, შესაძლოა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზი გახდეს – ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი დასავლური გამოცემა, „პოლიტიკო“ ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, სტატიის ავტორი წერს, რომ ევროკომისრები მხარს უჭერენ უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. თუმცა, ნაკლებად არიან დარწმუნებულები საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ქვეყანა ბოლო წლებში ყოვლისმომცველ პოლიტიკურ რყევებსა და შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის. საქართველოსთან დაკავშირებით რომ ევროკომისიას ბევრი კითხვა აქვს, ადასტურებს  “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ ჟოზვიაკიც. მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უკრაინა და მოლდოვა პირობებით მიიღებენ, საქართველოს საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მედიაში გავრცელებულ ვარაუდებს სიცრუეს უწოდებს ევროკომისიის სპიკერი. როგორც ერიკ მამერმა თქვა,  ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასკვნას 17 ივნისს გამოაქვეყნებს, გავრცელებული ინფრომაციები კი მისი თქმით  სიმართლეს არ შეესაბამება.

ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 23 ან 24 ივნისს გამოაცხადებს.