13 ივნისის ტრაგედიიდან შვიდი წელი გავიდა. 2015 წელს მომხდარმა სტიქიამ დედაქალაქსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დააზიანა. სტიქიის შედეგად დაღუპულები დღეს, 13 ივნისის მემორიალთან, სწორედ იმ ადგილას სადაც ტრაგედია მოხდა, ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებმა გაიხსენეს. გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს შვიდი წლის წინ მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გახსენება დღესაც უჭირთ. 13 ივნისის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგეს მთავრობის წარმომადგნლებმა, პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა.
შვიდი წლის წინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ბავშვთა ქალაქ “მზიურში” 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ “ბეგის” ქანდაკება გაიხსნა. მოქანდაკე ერეკლე წულაძის ქანდაკება, სწორედ 2015 წლის 13 ივნისის მოვლენებს ეძღვნება. ქანდაკება უჟანგავი და უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დამზადდა. საქართველოში, გარე სივრცესა თუ ინტერიერში, მსგავსი ტიპის ნამუშევარი პირველად განთავსდა.
2015 წელს ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია. წყალდიდობამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი. დაიტბორა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორია, სადაც დაიღუპა ზოოპარკის სამი თანამშრომელი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი, 13 მგელი და ბეჰემოტი აღმოჩნდა. სვანიძის ქუჩაზე მოვარდნილი წყლის გამო, უსახლკაროდ დარჩა 24 ოჯახი. მხოლოდ ამ პატარა ქუჩაზე სტიქიამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტრაგედიასთან ერთად, ეს დღე ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდაც იქცა. მოხალისეებმა სტიქიის შედეგებთან გამკლავება ერთიანი ძალებით დაიწყეს.