ჩემი განცხადების გამო ჩემი ოჯახი ბულინგის ქვეშაა. რა ვქნა? გავჩუმდე? – დიმიტრი ხუნდაძე | 13.06.2022

“ევროპარლამენტის რეზოლუციაზე შეფასების გამო, ჩემი ოჯახი „ბულინგის ქვეშაა“ – განცხადებას სოციალურ ქსელში, “ქართული ოცნების” დეპუტატი,  დიმიტრი ხუნდაძე ავრცელებს. ხუნდაძე წერს, რომ მისთვის საქართველოს ღირსება და უსაფრთხოება უპირატესია და უალტერნატივო, შესაბამისად, მიუღებელია ევროპარლამენტარებისგან საქართველოსთვის საზიანო სიცრუე.  ხუნდაძე Facebook პოსტში  პასუხისმგებლობიდან ამოვარდნილს  უწოდებს სახალხო დამცველის განცხადებასაც,   რომლითაც  ნინო ლომჯარიამ ხუდაძის კომენტარი გააკრიტიკა. “ქართული ოცნების”  დეპუტატმა  10 ივნისს ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციის შეფასებისას თქვა, რომ თუ  საქართველო კანდიდატის სტატუსს – უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, მაშინ ქვეყანამ სტატუსზე უარი უნდა თქვას.

“ორი დღეა ჩემი  განცხადების გამო,  ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი ქვეყნის ღირსება და მისი უსაფრთხოება უპირატესია და უალტერნატივო ჩემთვის. თუმცა, ასეთი დამოკიდებულებაც აზრს ვერ შემაცვლევინებს! ასეთი ბულინგის ქვეშ გაიარა ჩემმა ოჯახმა მაშინაც, როდესაც „ალტ-ინფოს“ ოფისების გახსნას არანაკლებ მწვავე განცხადება მოჰყვა ჩემგან.  რა ვქნა? როცა არც  ევროპარლამენტარებისგან ჩემი ქვეყნისათვის საზიანო სიცრუეა მისაღები და არც პრორუსული ჯგუფების „ბოგინი“. გავჩუმდე? დავუჯერო პასუხისმგებლობიდან ამოვარდნილ სახალხო დამცველს, რომელიც არც ჩემი პერსონალური ინფორმაციების გავრცელებაზე და არც ტელე-წამყვანის მიშა  მშვილდაძის მოწოდებულ ბულინგზე რეაგირებს?! ლომჯარია “მიბრძანებს” რომ გავჩუმდე: – „როგორ ბედავ ამის თქმას?!“,  მეუბნება არჩეულ დეპუტატს. არადა, ასეთ ვითარებაში ჩემი გაჩუმებაც დანაშაულია და მისიც! მინდა გკითხოთ, რომელია ევროპული სტანდარტი? სიტყვის ამგვარი თავისუფლება? როცა ბინძური ენა ყველაფერს კადრულობს? თუ ერთი ჯგუფის სახალხო დამცველის დეპუტატისადმი სიჩუმისკენ მოწოდება? თუ მაინცდამაინც ისეთი ევროპელობა უნდა დავივალო, რომ ღირსება დავთმო?! მე მინდა ღირსეული ევროპელობა და არა ევროპელობა მის გარეშე!” – დიმიტრი ხუნდაძის განცხადება.