“ეს ადამიანები პირდაპირ ცდილობენ ხალხის სანქცირებას” – ასე აფასებს ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილისთვის შესაძლო სანქციების დაწესებას. მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი “ქართული ოცნების” დამფუძნებლის მიმართ სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ღიად ალაპარაკდა, მმართველი გუნდის მხრიდან საერთაშორისო პარტიონერის მისამართით კრიტიკა არ წყება. ტელეკომპანია “იმედთან” “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ რეზოლუცია, რომელშიც ერთი პუნქტი ივანიშვილის დასანქცირებას გულისხმობს რეალურად ხალხს ეხება. კოხახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გარკვეული სანქცია უკვე მოქმედებს.
ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ რეზოლუცია 9 ივნისს მიიღო. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოსა და ფუნდამენტური უფლებების უმაღლესი სტანდარტები. ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს. ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და კონტროლის დონეზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე.