ევროპარლამენტში გამართულ დებატებს და მწვავე გზავნილებს თბილისში აფასებენ | 09.06.2022

“ეს არ იყო კრიტიკა ეს იყო შეტევა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე” – ასეთია “ქართული ოცნების” შეფასება,  ევროპარლამენტში გამარტულ დებატებსა და კრიტიკულ გზავნილებზე. მამუკა მდინარაძე ევროპელ დეპუტატებს  ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში,  დაბრკოლებების შექმნაში ადანაშაულებს. ამბობს რომ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართული ოცნების კრიტიკისთვის,  არასწორი დრო შეარჩიეს. ქართული ოცნების ლიდერმა  ევროპარლამენტარების კრიტიკის საპასუხოდ, დღეს ჟურნალისტებთან  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის ბოლოს მიღებული რეზოლუცია წაიკითხა და თქვა, რომ   გამოხატვისა და მედიის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. მდინარაძისთვის გაუგებარია, თუ  რამ შეცვალა ვითარება  ბოლო  ერთი თვის განმავლობაში. ევროპარლამენტარების მწვავე გზავნილებს უსამართლოს  და უსაფუძვლოს უწოდებენ, მდინარაძის თანაგუნდელებიც.

მედია გარემო, მართლმსაჯულების სისიტემა – ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა  –  ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვლია,  რის გამოც  ევროდეპუტატებმა “ქართული ოცნება” მწვავედ გააკრიტიკეს.  ევროპარლამენტარებს ნიკა გვარამიას საქმე კანონის უზენაესობის დარღვევის ძალიან თვალსაჩინო მაგალითად მიაჩნიათ.  პირდაპირ თქვეს ისიც, რომ ივანიშივლი ოლიგაქრია და ევროპული გზის მხარდასაჭერად მისი დასანქცირება აუცილებელი  ნაბიჯია.  კრიტიკის ფონზე  ევროდეპუტატებმა ერთხმად აღნიშნეს რომ საქართველო და ქართველი ხალხი ევროკავშირის ოჯახში ყოფნას იმსახურებს.