ნიკა გვარამიას წერილი ევროპას, რუსთავის ციხის 212-ე საკნიდან | 08.06.2022

პატიმრობაში მყოფი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, 212-ე საკნიდან ევროპარლამენტის, ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის პრეზიდენტებსა და ევროპარლამენტარებს მიმართავს და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და მიხეილ სააკაშვილისთვის დახმარების დროულად გაწევას სთხოვს. „ცივილიზაციური არჩევანი ჩვენ გაკეთებული გვაქვს – ჩვენი ადგილი მხოლოდ ევროპაშია, იქ, სადაც ინახება ჩვენი უძველესი და საკაცობრიო სიმბოლო – ოქროს საწმისი“ – წერს ნიკა გვარამია. წერილი დღეს ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, გვარამიას მეუღლემ სოფო ლილუაშვილმა გადასცა.

“მე მხოლოდ ის მინდა გთხოვოთ, რომ საქართველოს  ხალხს არ დაეკეტოს გზა ევროპისკენ. არ დაეკეტოს, რადგან ალტერნატივა მხოლოდ რუსეთია. ეს ალტერნატივა კი  დამღუპველი იქნება ჩვენთვის და დაასრულებს დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიას. და  ბოლოს, უფლება არ მაქვს, როგორც საქართველოს პატრიოტმა და როგორც ადვოკატმა,  არ გთხოვოთ, მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოთ მიხეილ სააკაშვილის  გადასარჩენად. ქვეყანაში დასავლეთის ყველაზე დიდ გულშემატკივარს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, სამწუხაროდ, დიდი დრო აღარ აქვს, თუ მისი გადარჩენა სასწრაფოდ არ მოხდა,” – ნიკა გვარამიას მიმართვა ევროპას.