ოფიციალური ანკარა მზად არის ორგანიზება გაუწიოს რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას. განცხადება დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანკარაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. სერგეი ლავროვი თურქეთში უკრაინის მარცვლეულის ექსპორტზე გატანისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებდა. თურქეთი მხარეებს სთავაზობს, ესკორტი გააყოლოს იმ უკრაინულ გემებს, რომლებიც ქვეყანაში რუსეთის ჯარების შეჭრის შედეგად, დაბლოკილია. მევლუთ ჩავუშოღლუმ რეალისტური უწოდა შავ ზღვაში უსაფრთხო დერეფნის შექმნის გეგმას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, რუსული მხარე მზად არის თურქ პარტნიორებთან ერთად უკრაინის პორტებიდან გასული გემების უსაფრთხოება უზრუნველყოს.
ამასთან, ლავროვი ირწმუნება, რომ მთავარი პრობლემაა კიევის გაჯიუტება პორტების განაღმვის საკითხის გადასაწყვეტად. უკრაინული მხარე საზღვაო მიმოსვლის აღსადგენად, უსაფრთხოების ქმედით გარანტიებს ითხოვს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, გარანტიებისთვის აუცილებელია უკრაინისთვის ისეთი შეიარაღების მიწოდება, რომელიც მას საშუალებას მისცემს, საკუთარი სანაპირო დაიცვას ზღვიდან იერიშებისგან. კიევი ასევე ითხოვს მესამე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ შავი ზღვის შესაბამისი აკვატორიის პატრულირებას. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, ქვეყნის შავიზღვისპირა ტერიტორიების დიდი მონაკვეთები, რუსი სამხედრო გემების მიერ კონტროლდება, რაც უკრაინიდან მარცვლეულის გატაას აფერხებს და მსოფლიოში სასურსათო კრიზისს ქმნის.