“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ევროპის სახალხო პარტია ამზადებს პროექტს, რომელიც “ქართული ოცნების” დამფუძნებლისთვის სანქციების დაწესებას მოიცავს. მათივე ცნობით, რეზოლუციის პროექტში, რომელიც ევროპის პარლამენტმა ხუთშაბათს, 9 ივნისს უნდა განიხილოს, საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზეც. პროექტში ასევე გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც. ნახსენებია 5 ივლისის მოვლენები და მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაც. ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, ასევე, საუბარია ყოფილ პრეზიდენტზე – მიხეილ სააკაშვილზე და მისი “ჰუმანიტარული საფუძვლებით” გათავისუფლების აუცილებლობაზე. მწვავე შეფასების ფონზე, რეზოლუციის პროექტში კიდევ ერთხელ გამოითქვა მხარდაჭერა ქართველი ხალხის მტკიცე ევროპული მისწრაფებებისადმი. პროექტი ევროპის ინსტიტუტებს მოუწოდებს იმუშაონ იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.
რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის სახელით, განსახილველად 30-მა დეპუტატმა 6 ივნისს შეიტანა. “რადიო თავისუფლება” აღნიშნავს, რომ რეზოლუციის პროექტის ტექსტი კენჭისყრამდე განხილვაზე შეიძლება შეიცვალოს სხვა პარტიების შესწორებებით. რეზოლუცია, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებას და ჟურნალისტთა უსაფრთხოებას ეხება, ევროპარლამენტში 2 დღეში უნდა განიხილონ. თუმცა, მანამდე ცნობილი ხდება, რომ ეევროპარლამენტი საქართველოში მედიის მდგომარეობაზე ხვალ დებატებს გამართავს.