“უკრაინელები, მოლდოველები და ქართველებიც, ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია” | 07.06.2022

ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის –  შესაბამისი განცხადების პროექტის შესახებ ინფორმაციას, რადიო თავისუფლება აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა უკვე შეიმუშავეს  ერთობლივი განცხადების პროექტი, რომელშიც ისინი მიმართავენ წევრი ქვეყნების და მთავრობების ლიდერებს, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს განაცხადებზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.

“ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიმამაცე, გაბედულება და ხედვა გაუარესების პროცესში მყოფი საერთაშორისო გარემოს პირისპირ. გეოპოლიტიკური მოცემულობების ცვლილება ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ამით ვუერთგულებთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს. უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის ქვეშაა – თუმცა მოლდაველები და ქართველებიც, რომლებიც უფრო ნათელი მომავლისკენ მიილტვიან – ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია” – ნათქვამია  ერთობლივი განცხადების პროექტის ტექსტში.