რუსეთის მუქარის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემებს უგზავნის | 06.06.2022

რუსეთის მხრიდან მუქარის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების პირველ პარტიას უგზავნის. ბრიტანეთის მთავრობას ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის სარაკეტო სისტემას მიაწვდის ქვეყანას, თუმცა BBC- ის ინფორმაციით, თავდაპირველად M-270 ტიპის, მრავალჯერადი გაშვების სამი სარაკეტო სისტემის გადაცემა მოხდება. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, როგორც რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ასევე უნდა შეიცვალოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ბენ უოლესი ამბობს, რომ მაღალი შესაძლებლობების მქონე სარაკეტო სისტემები უკრაინელებს უკეთესად დაცვის შესაძლებლობას მისცემს. ცნობილია ისიც, რომ უკრაინელი სამხედროები სარაკეტო სისტემების გამოყენების შესწავლის მიზნით წვრთნებს ბრიტანეთშივე გაივლიან. კვირას ვლადიმერ პუტინმა მორიგი მუქარა გააჟღერა და თქვა, რომ თუ დასავლეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ იარაღს გაუგზავნის, მაშინ უკრაინაში სამიზნეების სიას გააფართოვებს და ისეთ ადგილებს დაარტყამს, რომლებიც რუსული თავდასხმის ობიექტი ჯერ არ გამხდარა.