აქციის მეშვიდე დღე ბორჯომში და პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნების პიკეტი | 06.06.2022

აქციის მეშვიდე დღე ბორჯომში.  თანამშრომლებმა პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნების სრული პიკეტი დაიწყეს. ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო. პოლიციელებმა გაფიცულებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რისთვისაც 15 წუთი მისცეს, თუმცა მუშებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვეს.  გაფიცული თანამშრომლები ქარხნიდან უკანონოდ გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას, ხელფასები 25%-ით ზრდას და  აპრილისა და მაისის თვის ხელფასების ჩარიცხვას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გაფიცვის გამო, კომპანიამ ახალი თანამშრომლები აიყვანა.  კომპანია ” ბორჯომი” თანამშრომლების გაფიცვის პარალელურად განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ არცერთი ახალი თანამშრომელი კომპანიას არ აუყვანია. კომპანიის ცნობითვე, შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო, უპირველესად იმ თანამშრომლების ანაზღაურება ირიცხება, რომლებიც ამ ეტაპზე წარმოების პროცესში არიან ჩართული. გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენაზე, კომპანია არაფერს ამბობს.

კომპანია “ბორჯომს” პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მისი მფლობელი, რუსი მილიარდერი- მიხაილ ფრიდმანი- საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოხვდა.  ქარხნიდან დაითხოვეს 49 თანამშრომელი. 1000-მდე დასაქმებული კი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესში ჩაერთო.  19 მაისს „ ბორჯომის“ მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა შესთავაზა. 21 მაისს კი  პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან აღნიშნა, რომ კომპანია “ბორჯომის” წილს საქართველოს საჩუქრად გადასცემენ და ოპერირებაში პრობლემა აღარ შეექმნებათ.