წარმოუდგენელი რამ მოხდა – ლავროვი მისი რეისისთვის სერბეთის მეზობელი ქვეყნების მიერ ცის ჩაკეტვაზე | 06.06.2022

წარმოუდგენელი რამ მოხდა – ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მისი რეისისთვის სერბეთის მეზობელი ქვეყნების მიერ ცის ჩაკეტვას. ლავროვი დასავლეთს სერბეთისთვის საგარეო პოლიტიკის წარმოების “უფლების ჩამორთმევაში” ადანაშაულებს. მისი თქმით, თუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასავლეთში აღიქმება, როგორც გლობალური მასშტაბის საფრთხე, მაშინ, როგორც ჩანს, დასავლეთში საქმე საკმაოდ ცუდად არის.

სერბეთის სამმა მეზობელმა ქვეყანამ: ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და მონტენეგრომ მის თვითმფრინავს თავიანთი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა.  რუს დიპლომატს 6-7 ივნისს შეხვედრები ჰქონდა დაგეგმილი, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები უნდა განეხილათ. მედია ასევე ავრცელებს დოკუმენტს, რომელიც მათი თქმით, მონტენეგროს მხრიდან ლავროვის თვითმფრინავისთვის მონტენეგროს საჰაერო სივრცეში ფრენაზე ოფიციალურ უარს ასახავს. მედიის თქმით, ამაზე მიუთითებს სერბეთის პრეზიდენტის განცხადებაც. 3 ივნისს ალექსანდრ ვუჩიჩმა თქვა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები არსებობს. ამ სიტუაციის გათვალისწინებით სერბეთის პრეზიდენტი ხვალ ლავროვის ნაცვლად რუსეთის ელჩს, ალექსანდრ ბოკან-ხარჩენკოს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდება. აღსანიშნავია, რომ სერბეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა. 29 მაისს კი ვლადიმერ პუტინი და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი სერბეთს ბუნებრივ აირს მიაწვდის და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები