სალომე ზურაბიშვილის მორიგ მწვავე პოლიტიკურ გზავნილს „ოცნება“ კრიტიკით პასუხობს | 03.06.2022

პრეზიდენტის მორიგ მწვავე პოლიტიკურ გზავნილს “ქართული ოცნება” დღეს კრიტიკით პასუხობს. სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით,  “ქართულ ოცნებაში” ირწმუნებიან, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი და შეუვალია. მმართველი გუნდის განმარტებით, სასამართლოს არავინ უნდა უკარნახოს, რა არის დროული და რა არა. პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებების შემდეგ კვლავ  აქტუალური კითხვაა- არსებობს თუ არა დაპირისპირება მმართველ გუნდსა და სალომე ზურაბიშვილს შორის. ქართული ოცნება პრეზიდენტის განსხვავებულ პოზიციებში პრობლემას ვერ ხედავს.  სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარე იმასაც ამბობს,რომ პრეზიდენტ ზელენსკის არასდროს გამოუთქვამს სურვილი საქართველოს პარლამენტს პირდაპირი ეთერით ჩართვოდა.

პრეზიდენტმა გუშინ  პალიტრანიუსთან ინტერვიუში თქავ,  რომ უმრავლესობიდან დაუფიქრებელი და არასაჭირო განცხადებები ისმის. სალომე ზურაბივილი მიიჩნევს,რომ ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტში უნდა მიეწვიათ. პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თემაზეც და თქვა,  რომ არ ჰგონია, ამ ქვეყანაში ვინმე ომის მომხრე იყოს.   ოპოზიციასთან მიმართებით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისინი სარგებლობენ ხელისუფლების შეცდომებით და ბრიუსელში დადიან, თუმცა, მთავარი პასუხისმგებლობა ევროინტეგრაციის გზაზე,  ხელისუფლებას ეკისრება. პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა მთავარი არხის გენერალური დირექტორის დაკავებაზე. მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება, შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო და ის  არ იყო პოლიტიკურად დროული. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ თქვა,რომ ექსპრეზიდენტის შეწყალებას არ აპირებს. პრეზიდენტის განმარტებით,  იმ შემთხვევაში, თუკი სამედიცინო ექსპერტები საჭიროდ ჩათვლიან, რომ საქართველოში სათანადო მკურნალობის მიღების  შესაძლებლობა არ არსებობს, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ამას შესაბამისად უპასუხოს.